
23 აგვისტოს, ლას-ვეგასში „მის სამყარო 2010“-ის ფინალური შოუ ჩატარდა. კონკურსში 83 ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსანტები ნაციონალურ კოსტიუმებში, საღამოს კაბებში და საცურაო კოსტიუმებში გამოვიდნენ. დასახელდა ტოპ-15, ტოპ-10 და ტოპ-5-ეული. „მის სამყარო 2010“ მექსიკელი ხიმენა ნავარეტი გახდა.
ტოპ-15 გოგონაში ვერ მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, მაგრამ ის დასახელდა საუკეთესო 25 გოგონას შორის. ნანუკას საღამოს კაბა, წინასწარ გამართულ კონკურსში მესამე ადგილას მოხვდა. ასევე აღიარეს, რომ ის ყველაზე კარგად მომზადებული კანდიდატი იყო მათ შორის, ვინც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსზე გასულა.
„პრაიმტაიმი“ ნანუკას ამერიკაში დაუკავშირდა.
„გაშიშვლებას არ დავთანხმდი“
„უბედნიერესი ვარ, რადგან სერიოზულ გუნდთან და პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა. ისინი ამერიკაში ყველაზე წარმატებულ ვარსკვლავებთან თუ კომპანიებთან თანამშრომლობენ. ქალი, რომელიც სიარულს გვასწავლიდა ნაომი კემპბელის მასწავლებელი იყო. ჩემთვის, როგორც მოდელისთვის, აქ ყოფნა დიდი გამოცდილებაა. ფოტოსესიაც საკმაოდ ცნობილ ფოტოგრაფთან, ფადისთან გვქონდა. მისგან კომპლიმენტიც მივიღე -კამერის წინ ასე თავისუფალი და თავდაჯერებული გოგონები ბევრი არ გვყავსო. მკითხა, საიდან ვიყავი. მერე რამდენიმე მის რჩეულ მოდელს - შიშველი ფოტოების გადაღება შესთავაზა. მათ შორის მეც. პორტფოლიოს გამდიდრება ასეთი ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევრით, მართლაც შანსია. მე არ დავთანხმდი. თუმცა მასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა...“
„სიაში არ ვიყავი“
„მის სამყაროზე“ 83 მონაწილე ვიყავით. ბევრი რამ გვქონდა აკრძალული. იყო წესები, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდით. შორიდან მაინც იდეალურად ჩანს ყველაფერი. ჩავედით თუ არა, შედგა სიები, რომლებშიც გარკვეული ქვეყნების მისები შედიოდნენ. მათზე იყო გათვლილი ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება, ინტერვიუების ჩაწერა... ისინი სხვებზე ბევრად დაკავებულები იყვნენ. მათ შორის საქართველო არ ყოფილა. წარმომადგენელი გოგო შეიძლება დიდი არაფერი ყოფილიყო, მაგრამ, რადგან ცნობილი ქვეყნიდან იყო, მას წერდნენ ჟურნალისტები.“
ჟიური და კონკურენტები
„ჟიური საერთოდ გაუგებარი თემაა. ბოლო სამი დღე სხვადასხვა შემადგენლობით იჯდა. ჩემი პირველი ინტერვიუ ძალიან მოეწონათ. ტაში დამიკრეს, საოცარი საშუალებების ადამიანი ყოფილხარ, მადლობა ასეთი პასუხებისთვის, „მომხიბვლელო გეორგია“, ასე გააგრძელეო. 25 გოგონაში მოხვედრა ძალიან მიხარია, რადგან ძლიერი კონკურენტები მყავდა.“
ჩაწყობა
„ყოველთვის ყველა ამბობს, რომ კონკურსებში ჩაწყობა ხდება. თუმცა, იმასაც ამბობენ, ამ დონის კონკურსი როცა ეწყობა, იქ ჩაწყობა არ „მოსულაო“, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. „მექსიკამ“ რომ გაიმარჯვა, კულისებში ყველა ერთად გავედით, გოგონა იმდენად არაკომუნიკაბელური იყო, რომ ხმის ტემბრითაც კი ვერ გავიხსენეთ. სულ თავისთვის იყო...“
პლასტიკური ოპერაციებით დახუნძლული
„ეს არის კონკურსი, სადაც 100%-ით ყველას პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. მათი შეხედულებით, ქალი რაც უფრო ლამაზია, მით მეტი ოპერაცია სჭირდება. ამ კონკურსისთვის გოგონები წლებით ადრე ემზადებიან. თუ ტოპ 5 -ში მოხვედრა სურთ, მაშინ, პლასტიკური ოპერაციების მხრივ, დიდი სამზადისი აქვთ. კონკურსზე ვნახე, გოგონებს პლასტიკური ოპერაციები ბლომად ჰქონდათ გაკეთებული, იარებს არც მალავდნენ და ხუმრობით ყვებოდნენ ხოლმე ისტორიებს. ოპერაციებით თავს იწონებდნენ.“
3 ბიჭის ისტორია
„კონკურსის დამთავრების შემდეგ უამრავი ხალხი გველოდებოდა. მომცვივდნენ, გულზე „გეორგიას“ ლენტი აღარ მეკეთა, უკვე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი. თავიანთ ბავშვებს მაჭერინებდნენ და ფოტოებს იღებდნენ, მეხუტებოდნენ, კითხვებს მისვამდნენ, ყველას უნდოდა შემხებოდა. ოთახის კართან სათამაშოები დამხვდა, 3 ბიჭი იდგა საქართველოს დროშით ხელში. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა. სად იპოვეთ-მეთქი, ვკითხე და ჩვენ თვითონვე დავხატეთო. ეს არასდროს დამავიწყდება. ეს იყო კონკურსი, რომელიც ყველაზე თანამედროვე და ცნობილია. ამის იქით რა კონკურსი უნდა იყოს, არ ვიცი.“
"prime time"