
"მის სამყაროს ამ მონაწილეს შეეძლო, სამხრეთ ოსეთში ომი შეეჩერებინა", – ასე დაახასიათა ამერიკულმა მამაკაცურმა ჟურნალმა "ესქუაიერმა" ნანუკა გოგიჩაიშვილი, "ვიცე მის საქართველო". ის პირველი ქართველი გოგონაა, რომელიც ამ ჟურნალის მიერ დასახელებული, დედამიწის ყველაზე სექსუალური ქალების სიაში მოხვდა. ჟურნალის რედაქციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი შეარჩია, "დედამიწის სექსუალურ ქალთა ატლასში" 192 ქვეყნის წარმომადგენელი შევიდა, მათ შორის – საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი; მსახიობები – ნატალი პორტმანი, მონიკა ბელუჩი, ქვეყნების პირველი პირები, სპორტსმენები...
ნანუკა გოგიჩაიშვილი "მის სამყაროს" კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, რომელიც ლას ვეგასში ჩატარდა, ამერიკაში დარჩა. ის ჯერჯერობით ნიუ იორკშია და ცდილობს, თავისი გარეგნული მონაცემები სამოდელო ბიზნესში გამოიყენოს. კასტინგებზე რეგულარულად დადის და სერიოზული კონკურსისთვის ემზადება, მაგრამ ჯერ არ ამხელს, რა კონკურსია. "სარკე" ნანუკას ნიუ იორკში ესაუბრა.
– ნანუკა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება "მის სამყაროს" შემდეგ?
– საკმაოდ დიდი დრო მქონდა, რომ ჩემი თავი კონკურსის შემდგომი ეტაპისთვის მომემზადებინა. მინდოდა, ამერიკაში ყოფნა მაქსიმალურად გამომეყენებინა და, მგონი, ამას ვახერხებ კიდეც. როცა რაღაცას დიდი მონდომებითა და შემართებით აკეთებ, ის აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
– ახლა რითი ხართ დაკავებული?
– კონკურსის დამთავრების შემდეგ ნიუ იორკში ჩავედი. თავიდან მხოლოდ ტურისტული გეგმები მქონდა. მინდოდა, ეს ქალაქი დამეთვალიერებინა. ახლაც თავს ტურისტად ვთვლი, მაგრამ ამ ქალაქში მართლაც უამრავი შანსია, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინო. ყველა მეკითხებოდა, რატომ არ ვცდილობდი, კასტინგებზე მევლო. მერე მეც გამიჩნდა ინტერესი. ახლა ერთი მნიშვნელოვანი კონკურსისთვის ვემზადები. ამაზე წინასწარ არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო.
– როგორ მოგწონთ ამერიკული ცხოვრების სტილი?
– ძალიან მომწონს ნიუ იორკი. ამ ქალაქის ტემპსა და ხმაურზე ვგიჟდები. ეს არის ადგილი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, თუმცა ნოსტალგია მაინც მაწუხებს. მივხვდი, რა ძნელია შენი ქვეყნიდან შორს ცხოვრება. აქედან უფრო მეტად ვაფასებ საქართველოს და ყველაფერ ქართულს.
– როგორ მოხვდით მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში?
– ჟურნალ "ესქუაიერმა" შეადგინა ქალების სია, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში გამორჩეულები არიან. როცა გავიგე, რომ მსოფლიოს სექსუალური და ლამაზი ქალების სიაში შემიყვანეს, არ დავიჯერე, თავი ზღაპარში მეგონა. ამ ტიტულმა შოკში ჩამაგდო, მაგრამ ამასთანავე უფრო გამაძლიერა, საკუთარი თავისადმი რწმენა შემმატა.
– რას ნიშნავს, იყო სექსუალური ქალი?
– სექსუალური ქალის ტიტულს ამ შემთხვევაში ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. თუმცა აღიარება და ის ფაქტი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ქალებს შორის მოხვდები, ძალიან სასიამოვნოა. პირველობა ყოველთვის კარგია.
– რას მიიჩნევთ საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მიმზიდველად?
– ადამიანის სილამაზეს მთლიანობაში ვაფასებ. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი. ერთმა წარმატებულმა ფოტოგრაფმა ასე დამახასიათა – არის რაღაც შენში ეგზოტიკური, რომელიც ხალხს ატყვევებს, კამერას უყვარხარო. ამ სიტყვებს ვერასოდეს დავივიწყებ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო.
"Sarke"
No comments:
Post a Comment